new warez_click
საიტზე ძებნა
 







"როდესაც ჩემზე ამბობენ, "გოიმიაო", მეცინება, რადგან მაია ვარ, ასათიანი!" - 6 ივლისში 2011

 სტატიები


პოპულარული გადაცემა "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი თავის გადაცემასა და პირად ცხოვრებაზე გვესაუბრება:

- ივნისის ბოლო ხუთშაბათს დავასრულებთ სეზონს და როგორც ყოველთვის, წლის შემაჯამებელ "პროფილს" ვაჩვენებთ. თუმცა ეს მხოლოდ "პროფილის" სევდიანი გადაცემების შეჯამება არ იქნება. ჩვენი კოლექტივი ამაყობს, რომ ცხოვრება ყველა იმ ადამიანისა, რომელიც "პროფილში" მოვიდა, რადიკალურად შეიცვალა.

- რას გულისხმობ?
- ბევრ ადამიანს ვუპოვეთ დაკარგული მშობელი, ახლობლები... ზოგიერთი დაქორწინდა, ზოგიც გაშორდა... გადაცემაში გვქონდა უამრავი სიმღერის პრემიერა, რომლებიც ჰიტად იქცა...

- თემატურად სევდიანი გადაცემების წყალობით საზოგადოებაში მტირალა გოგოს იმიჯი დაიმკვიდრე...
- თავის დროზე შოუმენმა ვანო ჯავახიშვილმა ამ თემაზე მოსწრებულად იხუმრა და შემდეგ საზოგადოებამ აიტაცა. არადა, გასულ სეზონს თუ გადავხედავთ, გასართობი პროგრამა დომინირებდა, სევდიან თემაზე 3 თუ 4 გადაცემა გვქონდა. ამის მიუხედავად, "პროფილი" მაინც ცრემლთან ასოცირდება. ალბათ, იმიტომ, რომ "პროფილში" ზოგჯერ მხიარულებაც სენტიმენტალური ხდება. მიზეზი კი ის არის, რომ თვითონ ცხოვრებაა სენტიმენტალური.

- ბევრი ამბობს, რა პრობლემაც წამყვანს აქვს, სწორედ იმას ეხება თავის გადაცემებშიო...
- გამომდინარე იქიდან, რომ "პროფილს" უამრავი მაყურებელი ჰყავს, უფლება არ მაქვს, ჩემი განცდები და ემოციები საზოგადოებას მოვახვიო თავს. ყოფილა შემთხვევა, ძალიან მხიარულ გადაცემაზე ვმუშაობდი, ცხოვრებაში კი ურთულესი პერიოდი მქონდა და პირიქით. როდესაც სამსახურში მიდიხარ, პირადი ცხოვრება, განცდები კართან უნდა დატოვო. შესაძლოა, ზოგჯერ ეთერში მეტყობა, რაც ხდება ჩემს გულში. ზოგჯერ მეც ვაძლევ გასაქანს ჩემს გრძნობებს გადაცემის მსვლელობისას, რადგან "პროფილი" მაინც პირადული ტოქშოუა. ყველა გადაცემა მაყურებლის თხოვნით იგეგმება, ალბათ, ამიტომაც არის პოპულარული.

- ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მაია თბილისში რეიტინგით მჯობნისო...
- ჩვენ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ვამაყობ, რომ დღეს თბილისშიც და მთელ საქართველოში რეიტინგით მეორე ადგილზე ვართ. პირველ ადგილზე სახალხო პროექტი "ნიჭიერია". ვამაყობ, რომ საქართველოს ყველა კუთხეში გვიყურებენ.

არ მეგონა, პოპულარობა და წარმატება ასეთი მძიმე ტვირთი თუ იქნებოდა. ეს ღირსეულად უნდა ატარო. მაყურებლისგან დიდ სითბოს ვგრძნობ, თუმცა ამ ყველაფერს გულის ტკენაც ახლავს. რა გაეწყობა, ერთი მეორეს აბალანსებს. გარდა ამისა, "პროფილმა" შინაგანად გამაძლიერა. როგორც ჟურნალისტმა, ბევრი რამ ვისწავლე. არადა, როდესაც გადაცემაზე მუშაობა დავიწყე, უკვე პროფესიონალი ჟურნალისტი ვიყავი. ამის თქმის არ მრცხვენია, რადგან ჩემ უკან ტელევიზიაში გატარებული 19 წელია.

- "ფეისბუქში" შეიქმნა ახალი ბლოგი, "ჩვენ არ გვიყვარს მაია ასათიანი", სადაც უამრავი ადამიანია გაწევრებული და შენი მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარსაც წერენ. გოიმი შენი სინონიმი გახდა...
- (იღიმის) ერთ ძალიან პოპულარულ ამერიკელ ჟურნალისტ ქალბატონს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ფანკლუბი და ასევე ანტიფანკლუბი ჰყავს, როცა ჰკითხეს, ნუთუ ამ ყველაფრით არ დაიღალეთო, ქალბატონმა სიცილით უპასუხა, მე ხომ ოპრა უინფრი ვარო. ასე რომ, თუ გინდა აკეთო საქმე, ყველაფერი უნდა აიტანო. აღარ ილაპარაკებენ, როდესაც წამყვანი აღარ ვიქნები. როდესაც ჩემზე ამბობენ, "გოიმიაო", მეცინება, რადგან მაია ვარ, ასათიანი. კვლავ ოპრას დავესესხები და ვიტყვი, "დაე, ილაპარაკონ!" არ მაქვს უფლება, ამ ყველაფერს ავყვე. ვის რა უნდა დავუმტკიცო? ამ ყველაფერს ისედაც ვამტკიცებ ყოველ ხუთშაბათს, საღამოს ათ საათზე - ამ დროს "პროფილს" საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უყურებს, ვისაც რა უნდა, ის დაწეროს. მთავარია, პროფესიული შეცდომა არ დავუშვა.

- პროფესიულ შეცდომებზეც შეგეკითხებით... სამწუხაროდ, ტელეჟურნალისტების უმრავლესობა არაპროფესიონალია და გამართული ქართულითაც ვერ საუბრობს.
- არ მიყვარს საჯარო კრიტიკა, თუ ვინმეზე გული შემტკივა, მირჩევნია, პირადად დაველაპარაკო და არა გაზეთის ფურცლებიდან დავმოძღვრო. ვიცი, რა მძიმეცაა საჯარო კრიტიკა.

- როგორ ფიქრობ, შენ არ უშვებ პროფესიულ შეცდომებს?
- როგორ არა, უშეცდომო ვინ არის? ქართულ ენასთან მეც შემიცოდავს. მახსოვს, როდესაც ჟურნალისტობას ვიწყებდი, უამრავი შეცდომა მომდიოდა და როდესაც ამის გამო მაკრიტიკებდნენ, ძალიან განვიცდიდი. ტელევიზიაში ჩვენზე ამბობდნენ, მოვიდნენ დამწყები ჟურნალისტები, თავი დიდი ვინმე ჰგონიათ და შეცდომას შეცდომაზე უშვებენო. ამიტომაც, როდესაც ვხედავ, რომ ახალგაზრდა შეცდომას უშვებს, სახალხოდ კი არ გავაკრიტიკებ, გვერდით მივუჯდები ხოლმე და ვუხსნი, რა და როგორ გააკეთოს. არ გეგონოთ, განცდა მაქვს, თითქოს ყველაფერი ვიცი. ახლაც ბევრ რამეს ვსწავლობ, როგორც კი დაიჯერებს ადამიანი, რომ ყველაფერი იცის, მისი საქმე წასულია. რაც მეტი იცი, მეტად უღრმავდები ამა თუ მოვლენას.

- მაია, დაახლოებით ერთი წლის წინ, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში მიგიწვია, მაგრამ არ მიხვედი. სამაგიეროდ, ახლახან ესტუმრე მის გადაცემას...
- იმხანად "ნანუკას შოუ" ახალი დაწყებული იყო და მივიჩნიე, რომ ჯერ არ იყო დრო, ჩემი და ნანუკას შეხვედრა შემდგარიყო. როდესაც ეს გადაცემა პოპულარული გახდა, უფრო საინტერესო გამოვიდა ჩვენი შეხვედრა. მთავარია, რომ მაყურებელსაც ძალიან მოეწონა.

- მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები არ გიყვარს, ნანუკამ პუდელი გაჩუქა. შინ გყავს?
- ჩემი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, პუდელი ახლა ჩემს მეგობართან ცხოვრობს. ორი არჩევანი მქონდა: ან "პროფილის" ოფისში უნდა ეცხოვრა, ან მეგობართან (იცინის). თუმცა მე და ჩემი შვილი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს პუდელი ლუსი, შაბათ-კვირას მის მოსანახულებლად დავდივართ.

- "პროფილში" ნანუკას მიპატიჟებას არ აპირებ?
- ვნახოთ. წინ ბევრი ხუთშაბათი მელის. თუ ეს ნანუკას და ჩვენს მაყურებელს ენდომებათ, დიდი სიამოვნებით.

- "პროფილში" ღამის კლუბ "დივას" მეპატრონის მიწვევას საზოგადოების მხრიდან დიდი აგრესია მოჰყვა. ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ფელეტონიც კი დაგიწერა - "ადივებული მაია"...
- უხერხულია, როდესაც მანდილოსანს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებ. ეს მამაკაცის მხრიდან არ არის ლამაზი საქციელი. არ მიმაჩნია, რომ იმ გადაცემაში ბევრი რამ იყო არაკორექტული. გადაცემაში იყო ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება და სირაქლემას პოზაში დგომა არ არის სწორი.

- შენი სიყვარულის ამბავი მთელ საქართველოს აღელვებს... კიდევ არ ხარ შეყვარებული?
- (იცინის) შეყვარებული არ ვარ... ხომ შეიძლება იყო წარმატებული, ცხოვრობდე მამაკაცის გარეშე და არ იყო უბედური? ცხოვრების თანამგზავრი რომ მყავდეს, შეიძლება უკეთესად ვიყო, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ხშირად მეკითხებიან, ცუდად არ ხარ, მარტო რომ ხარო? პირიქით, ძალიან კარგად ვარ. ამას ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ. ბედნიერება მხოლოდ მამაკაცთან ურთიერთობა არ არის. ჩემი ცხოვრება ისეთი მრავალფეროვანია, რომ ამ დანაკლისს ვერ ვგრძნობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს, უღრმესი მადლობა იმ ხალხს, ვინც ზრუნავს ჩემზე (იცინის), თუ ვინმეს შევიყვარებ, შეგატყობინებთ.

- დიდი ხანია, მარტო ხარ?
- საკმაოდ. 34 წლის ვარ და ცხოვრებაში ორჯერ ვიყავი შეყვარებული.

- თაყვანისმცემლები გეყოლება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მათ ისეთი მოვწონვარ, როგორიც ტელეეკრანზე ვარ. იმისთვის, რომ ქალი შეიყვარო, ისეთიც უნდა მოგწონდეს, როგორიც ტელეეკრანზე ჩანს და ისეთიც, რომელიც დილით სამსახურში მიდის და გვიან ღამემდე მუშაობს, შემდეგ შინ ბრუნდება განერვიულებული და მთელ საღამოს რესპონდენტებს გადაცემაზე ესაუბრება... ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და მინდა, ადამიანს ისეთი ვუყვარდე, როგორიც ვარ და არა როგორც ტელეწამყვანი, აი, ამიტომ არ მჯერა ტელესიყვარულის. თუმცა იმ ადამიანების მადლობელი ვარ და მინდა ყველას მოვუბოდიშო, კატეგორიული უარი რომ ვუთხარი, გაცნობის შემოთავაზებაზე. სიყვარული უნდა შემოგეფეთოს. მინდა, ჩვეულებრივი მამაკაცი მყავდეს გვერდით. მთავარია, ჩემზე ძლიერი იყოს და მე და ჩემი შვილი ვუყვარდეთ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს.

- ცხოვრებაში ორჯერ მიყვარდაო და ორჯერვე "შემოგეფეთა" ეს გრძნობა?
- (იცინის) ორჯერვე შემომეფეთა...

- წლებს ხომ არ განიცდი?
- არა, რას ამბობთ?! პირიქით, ვამბობ, რომ ჯერ 34 წლის ვარ და წინ მთელი ცხოვრება მაქვს.

- ახალი სეზონიდან რას გვპირდები?
- როგორი ხმაურითაც დავიწყეთ წინა სეზონი, ორჯერ მეტი ხმაურით შემოვალთ მომდევნო სეზონზე, სექტემბერში. შედეგსაც გავაორმაგებთ.


უყურე ონლაინში: "როდესაც ჩემზე ამბობენ, "გოიმიაო", მეცინება, რადგან მაია ვარ, ასათიანი!"
იმედია მოგეწონებათ :)

ტოპ სიახლეები

    TOP NEWS

    Video2Webcam
    The Fast And The Furious 5 (2011/ENG/TS) ფორსაჯი 5
    Pro Evolution Soccer 2010 (2009/PC/Repack)
    What Is Love?